Pages

ხათუნა ღაღანიძე




                                                ინოვაციური მეთოდები
                                ,, სახელმძღვანელო,ჩვენ და გაკვეთილი“
     2013-2014 სასწავლო წელს ერთ-ერთ მთავარ მიზნად მოსწავლეთა წერითი მეტყველების უნარის დახვეწა და შესწავლილი მასალის გამოყენებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განმტკიცება დავისახე. მხოლოდ გარკვეული ცოდნა თუ უნარი, შემოქმედებითი ჭვრეტის გარეშე, ვერ ჩამოაყალიბებს იმ მომავალ თაობას, რომლის იმედიც გვექნება.შემოქმედებით ჭვრეტას უნდა მოჰყვეს კრიტიკული აზროვნება და სწორად განსაზღვრული მიზანი.მიზანი კი მასწავლებელთან ერთად მოსწავლესაც უნდა ჰქონდეს, დავით გურამიშვილისა არ იყოს , ეს მიზანი შეიძლება ასეც დაუსახოს მოზარმა საკუთარ თავს: ,, ვინა ვარ, სიდან მოვსულვარ, სადა ვარ, წავალ სადაო?“ ეს ერთგვარი თვითშეცნობის გზა სკოლიდან იწყება და პირადად მე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვალდებული ვარ ეს გზა დავანახო თითოეულ მოსწავლეს. დამეთანხმებით,  ეს  ადვილი არ არის, მი უფრო ერთფეროვანი გაკვეთილებისა და მენტორული დარიგებების საშუალებით; ამიტომაც სასწავლო წლის დასაწყისიდანვე ვცდილობდი საინტერესო და მრავალფეროვანი გამეხადა თითოეული გაკვეთილი. ამ მცდელობის შედეგად ინოვაციებს სიახლეებს ვნერგავ. ხშირ შემთხვევაში ამართლებს, არის შემთხვევები ხარვეზების ღმოჩენისა და გამოგიტყდებით, ამ დროს ნაკლებ კმაყოფილი როდი ვარ, რადგან ყოველი აღმოჩენილი ხარვეზი, ისევ სიახლის, ახალი გზის გაკაფვის შესაძლებლობაა.
  როგორც უკვე მოგახსენეთ, ინოვაციური მეთოდების ძიება და გამოყენება, უკვე ერთ ათეულ წელზე მეტია, ჩემი პედაგოგიური შემოქმედების თანამდევი გახლავთ.სასწავლო წლის დასაწყისშივე ვფიქრობდი რა რჩებათ ბავშვებს, როცა ისინი სახელმძღვანელოს ბოლო გვერდს, ბოლო დავალებას ასრულებენ, როცა მათ ბოლო გაკვეთილს ვუტარებ. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შემაჯამებელი ტესტური თუ საკონტროლო წერის ჩატარებით მიიღო პასუხი კითხვაზე: რა და როგორ შეიმეცნეს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. შეძლეს კი სახელმძღვანელოს,გაკვეთილისა და საკუთარი შრომის შემდეგ ნაწილობრივ მაინც გაეცათ პასუხი იმ კითხვებისთვის, რომლებიც თემის დასაწყისში ვახსენე.საკუთარი თავის შეცნობა ხომ შეუძლებელია ლიტერატურსათან ზიარების გარეშე, მუდამ ვცდილობ ,,დააგემოვნონ“ ტექსტი, ყოველმხრივ შეიცნონ მადლიანი სიტყვა და მარტო კი არ მოიწონონ, ზოგჯერ დაიწუნების უფლებაც აქვთ, მხოლოდ ერთი პირობით: ორივე შემთხვევაში საფუძველ-საძირკველი დაასახელონ.ასე ნელნელა სწავლობენ ისინი ლიტერატურულ შედევრებსა და საკუთარ ,, მე“-ს.
  საწავლო წლის დასაწყისში მეთერთმეტე კლასში დავგეგმე და ჩავატარე ღია გაკვეთილი, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების, კერძოდ, მისი ოთხი ნაწარმოების: ,,სული ობოლი“; ,,სულო ბოროტო“; ,,ვპოვე ტაძარი“ და ,,რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო...“ მიხედვით.გადავწყვიტე მოსწავლეთა ინტერესი ცოტა განსხვავებული მეთოდით გამომეწვია.(ამის შესახებ პირველ ეროვნულ კონფერენციაზე მოგახსენეთ თემით: ,,ნიკოლოზ ბარათაშვილის რომანტიკული სული სიტყვაში, ილუსტრაციასა და მუსიკაში“).გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა,მიზანი მიღწეული. ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს ტექსტები, გაითავისეს, დაიახლოვეს; გარდა ამისა შეიქმნა სასწავლო რესურსი __ თვალსაჩინო სტენდებით.
  არანაკლებ საინტერესო იყო გიორგი ერისთავის დრამის თანამედროვე ინტერპრეტაცია.მოსწავლეებმა დროში ამოგზაურეს დრამატული ნაწარმოების პერსონაჟები. ივანეს განათლება ამერიკაში მიაღებინეს და ფრანგულის ნაცვლად ინგლისური ენის ჟარგონ-სლენგებით ალაპარაკეს; პავლე ნადირობის ნაცვლად პოკერ-კლუბებისა და ტოტალიზატორის მოთამაშედ აქციეს. ირიგაციის წესების ნაცვლად ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე დააფიქრეს ანდუყაფარი. ხოლო მიკირტუმ გასპარიჩს მეტად საპატიო მიკრო-საფინანსო ბანკის მმართველობა არგუნეს. სასიმღერო ლექსების ტექსტებიც შეცვალეს და საკლასო სპექტაკლზე ერთად ვიხალისეთ.
  თვალსაჩინო სტენდები მაკეტები შექმნეს ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი მოთხრობა ,,კაცია-ადამიანის?!“ მიხედვით. ნაწარმოების შესწავლისა და ფილმის, სატელევიზიო სპექტაკლის ჩვენების შმდეგ. სასწავლო რესურსად ქცეული მასალა ინახება საკლასო ოთახში და ღიმილს ჰგვრის შემსვლელს. ბავშვებმა ზუსტად წარმოიდგინეს ილიას ნათქვამიცა და სათქმელიც, ზუსტად აჩვენეს ლუარსაბისა და დარეჯანის მანკიერება.
  აკაკი წერეთლის შემოქმედების შესწავლისას კი მოსწავლეთა ძიების საგანი პოემა ,,გამზრდელი“ გახდა; კითხვები,რომლებიც მათ მოსვენებას უკარგავდა, ინტერვიუების თემად ვაქციეთ და ასე პერსონაჟთა ტყავში ჩაძრომით ვცადეთ პასუხის გაცემა. ტრაგიკული პერსონაჯების სიახლოვე მეტად იგრძნეს ბავშვებმა და მგონი, ვერც ამ ტექსტს დაივიწყებენ ადვილად.
   განსხვავებული თვალით დაინახეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და შექმნეს ორიგინალური ანთოლოგია ვაჟას შემოქმედების მიხედვით. თემა: ,, ვაჟა-ფშაველა ბუნების შესახებ“. ყველა რესურსი გამოფენილია მეთერთმეტე კლასის საკლასო ოთახში.პოემების შესწავლას ჩვეულებადქცეული ფილმის ჩვენება მოჰყვებოდა ხოლმე, რაც მოსწავლეთა ყველა კატეგორიას ( სუსტსა და ძლიერს) ერთნაირად აინტერესებდა.
  საინტერესო სტენდები მოამზადეს ბავშვებმა დედაენის დღესთან დაკავშირებული მინი-პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანი ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა და, საერთოდ, ქართული ენის მნიშვნელობის გაცნობა იყო. პროექტი მოიცავდა საცნობარო ბუკლეტების, სტენდებისა და პუბლიკაციების შექმნას, დედაენის კვირეულის მოწყობას სკოლაში. ბავშვები თავად იკვლევდნენ ჩვენი ენის უნიკალურობას, როგორც ლექსიკური, ასევე გრაფიკული თვალსაზრისით; თავადვე აკვირდებოდნენ უხეშ ხარვეზებს, რომლებიც ლამის დოგმად იქცა ჩვენს მეტყველებაში, წაიკითხეს თავიანთი თემები და გააკეთეს სტენდების პრეზენტაცია.
    არ გეგონოთ წლის ანგარიშს გაწვდიდეთ,ეს ერთგვარი მოკლე მიმოხილვა გახლავთ მეთერთმეტე კლასში გაწეული მუშაობისა. ყველა მასწავლებელი თავდაუზოგავად მუშაობს თავის გაკვეთილზე და ვერაფრით გამოვირჩევი მათგან. უბრალოდ, კითხვა, რომელიც წლის დასაწყისში მაწუხებდა წლის ბოლომდე არ მასვენებდა, წლის ბოლოს მოსწავლეებსაც გავანდე: რა დაგრჩათ სახელმძღვანელოს დახურვის შემდეგ? რა და როგორ შეიმეცნეთ ჩვენი გაკვეთილებით? იქნებ, მხოლოდ კედელზე გაკრული თვალსაჩინოება შემორჩა თქვენს გულსა და გონებას?“ და ბოლოს გამიჩნდა სურვილი კლასში მოგვემზადებინა არა შემაჯამებელი წერა, არამედ საკლასო კონფერენცია თემაზე:,, სახელმღვანელო, ჩვენ და გაკვეთილი“. მონაწილეობა უნდა მიეღო ყველა მოსწავლეს, ეძლეოდათ ერთი კვირა, განსაზღვრული იყო რეგლამენტი: მინიმუმი__ 3 წუთი, მაქსიმუმი__ 5-7 წუთი. სულ ეთმობოდათ ორი საგაკვეთილო საათი. ვთხოვე, ესაუბრათ ერთი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, ასევე საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მოეწონათ თუ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. იმ საკითხებზეც, რომელთა შესახებაც მეტის გაგება სურდათ; რა ხარვეზები შენიშნეს, საკუთარი, სხვისი,გაკვეთილის; ყველაზე მთავარი თხოვნა: გულახდილნი ყოფილიყვნენ თავიანთ მოხსენებებში.
    კონფერენციას ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. სწორედ კოლეგების აღფრთოვანებამ გამაბედვინა ჩემი მოკრძალებული მუშაობა საკონფერენციო თემად მექცია.
  ეს ღია გაკვეთილი-კონფერენცია საშუალებას მაძლევს მოსწავლე ( აკადემიურად სუსტიცა და ძლიერიც) ძალდატანების გარეშე მივიყვანო წიგნთან. ისინი მთელ სახელმძღვანელოს გადაავლებენ თვალს, გდახედავენ თავიანთ რვეულებსა და ხელნაკეთ სტენდებს, მაკეტებს, ფოტოებს, სხვადასხვა გაკვეთილზე მათ მიერვე გადაღებულს, ჩანაწერებს და შემაჯამებელი წერა, რომელიც დამოკლეს მახვილივით აქვთ კისრად, საკონფერენციო თემად გადაიქცევა; მათთვის ეს ახალია, თან უფლება აქვთ, ( მოვალენი არიან) წაიკითხონ თავიანთი ნაფიქრ-ნაღვაწი. მაგრამ ეს ყველაფერი არაფერი იქნებოდა მოსწავლეთა ცოდნასა და უნარს თან შემოქმედებითი ჭვრეტა და კრიტიკული აზროვნება არ მოჰყოლოდა. ამ, ერთი შეხედვით , უბრალო გაკვეთილმა მეთერთმეტე კლასის გოგო-ბიჭები კიდევ ერთხელ დააფიქრა მრავალ ზოგადსაკაცობრიო, ეროვნულ თუ პიროვნულ საკითხებზე; გამოგიტყდებით, მე პიროვნული უფრო მაინტერესებდა, თვითშეცნობისა და თვითშემეცნების ზრდა სწორედ პიროვნულ წვრთნა-ზრდას გულისხმობს.როგორ და რამდენად დაეხმარა მათ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო და გაკვეთილები საკუთარი თავის შეცნობაში. რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი შეფასების რუბრიკა. მინდოდა რუბრიკის საშუალებით შემეფასებინა, როგორც საპრეზენტაციო უნარები, ასევე შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, შესწავლილი მასალის გამოყენების უნარი.საკლასო სპექტაკლზე
ქულები და კრიტერიუმები
სრულად
კარგად
ნაწილობრივ
სუსტად
გამართული,სწორი მეტყველება




სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა




მრავალფეროვანი და საინტერესო მასალა




დამოუკიდებელი და კრიტიკული მსჯელობა




რეგლამენტის დაცვა (3-7წთ.)





      მოხსენებები იყო ვრცელიცა და მცირეც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ პიროვნული ზრდა, მათი ადამიანური ღირებულებების სიმაღლე დავინახე და ჩავთვალე: ტყუილად არ ჩაუვლია 2013-2014 სასწავლო წელს ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის. მართალია, ზოგისთვის მნიშვნელოვანი ბარათაშვილის რომანტიკული სულის გაცნობა აღმოჩნდა, ზოგისთვის გიორგი ერისთავის სიტყვის ოსტატობა, ზოგისთვისაც ილია ჭავჭავაძის ანთებული მამულიშვილური ნაპერწკალი, ვის აკაკის ,,გამზრდელის“ პერსონაჟები აოცებს და მიტევებისა თუ სასჯელის ახალ კანონს აღმოაჩენინებს, ვის ვაჟა-ფშაველას ბუნების შვილობა ესათუთება და უსაზღვრო კაცთმოყვარება აფიქრებს, ვის კიდევ დედაენის დარდით აღარ სძინებია და მოსვენება დაუკარგავს...ჰოდა ამ ფიქრების გამგონეს იმედი მომეცა, გასცემენ კითხვას:,, ვინა ვარ, სიდან მოვსულვარ, სადა ვარ, წავალ სადაო?...“ პასუხს,გასცემენ და ივარგებენ თავისთვისაც და  ქვეყნისთვისაც.
                   პატივისცემით, ციხისძირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ხათუნა ღაღანიძე.

გამოყენებული ლიტერატურა:
1) ,,სწავლება და შეფასება“;
 2),,ქართული ენა და ლიტერატურა“ XI კლასი, ავტორი: ვ .როდონაია;
 3)XI კლასი, ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი. ე. ს. გ.


0 коммент.:

Отправить комментарий