Pages

ნანა თავართქილაძე



მოხსენების სათაური:                                                         ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში
წინაპართა ნაკვალევზე - ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამომავლები სალხინოში
შესავალი
ჩვენი პროექტის იდეა ტაო-კლარჯეთში მოსწავლეთა მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაციისას დაიბადა. გაჩნდა სურვილი გაგვეგრძელებინა კვლევა, საინტერესო მასალების მოძიება, კიდევ ერთი რესურსი მოგვემზადებინა სასწავლო პროცესისათვის საკუთარი ძალებით.
მოგეხსენებათ, წინაპართა ნაკვალევზე სვლა, მათი საცხოვრებელი გარემოს დათალიერება, თავისდროინდელ ეპოქაში ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის შესწავლა, გათავისება, თანამედროვე ეპოქასთან პარალელების გავლება, ყველა დროში აქტუალურია. მოსწავლეების არჩევანი ნიკოლოზ ბარათშვილის გაუხუნარი მუზის, „წინანდლის ვარდის“, ქართველი  პოეტის, საზოგადო მოღვაწის, რუსეთის იმპერატორის ნათლულის, გენერლის - ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის, რუსეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის - გარსევან ჭავჭავაძის შვილიშვილის, სამეგრელოს მთავრის - დავით დადიანის მეუღლის - ეკატერინე ჭავჭავაძის შთამომავლებზე შეჩერდა.
დაიგეგმა ინტეგრირებული პროექტი (ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი). მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, პროექტში ჩაერთო 15 მოსწავლე. ინტეგრირებული საგნის მასწავლებლებთან (თეა ფუტკარაია, თეა ხარებავა, თეონა თურქია) ერთად განვიხილეთ იდეა, აქტუალობა, მიზანი, მონაწილეობის სურვილი და ა.შ. მასწავლებლებმა ჩამოვაყალიბეთ საგნების მიზნები, გავითვალისწინეთ ესგ-ის პრიორიტეტული, გამჭოლი კომპეტენციები, საგანთაშორისი კავშირები.
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
მოგეხსენაბათ, პროექტი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება: კვლევითი, შემოქმედებითი, საკომუნიკაციო, თანამშრომლობითი უნარები.
დავგეგმეთ კონკრეტული აქტივობები: ექსკურსია სალხინოში, ფოტო და ვიდეო გადაღება, კონფერენცია საგანთაშორისი კავშირებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმის დამონტაჟება და გახმოვანება, ანუ სასწავლო რესურსის მომზადება. გავწერეთ ბიუჯეტი.
აქცენტი ციფრულ წიგნიერებაზე და სემიოტიკურ კომპეტენციაზე (განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი, ჩვენს შემთხვევაში - დოკუმენტური ფილმით) ავიღეთ. მოვამზადეთ საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ციფრული კამერა, ვიდეო კამერა, სკანერი, პროექტორი, ხმის გამაძლიერებელი.
ნაბიჯები: დაგეგმვა; კვლევა; პრაქტიკული აქტივობა; შედეგების წარმოდგენა.
მოსწავლეებმა გაინაწილეს სამუშაო, საკონფერენციო თემები. გადაწყვიტეს ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობა. ნაწილი ისტორიული მასალის მოძიებით, ეპოქის კვლევით დაინტერესდა. ერთმა მოსწავლემ მხარის გეოგრაფიული მახასიათებლების შესწავლა გადაწყვიტა, მეორემ - ნიკოლოზ ბარათაშვილის ეკატერინესადმი მიძღვნილი ლექსების კვლევა. რამდენიმემ მათი წაკითხვა შემოგვთავაზა. კონფერენციის მასალების განაწილების შემდეგ ფოტო და ვიდეო მასალის მომზადების, ფილმის დამონტაჟებისა და გახმოვანების ფუნქციები გაინაწილეს.
პროექტი სწავლების განსაკუთრებული ფორმაა: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას, საკითხს, პრობლემას მიმართავენ. დაგეგმავენ პროცესის მიმდინარეობას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში. მიმართავს თითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას, იძენს ახალ ცოდნას, კვლავ უბრუნდება პრობლემას, ახერხებს მის გადაჭრას, აკეთებს თვითშეფასებას. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი ამოცანები, სასწავლო აქტივობები მოსწავლეებისაგან მოითხოვს გასცდნენ შესწავლილ მასალას, დააკავშირონ ლიტერატურული ნაწარმოებები ისტორიასთან, განიხილონ გეოგრაფიული სივრცე და ინტერპრეტირების, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების გზით შექმნან ცოდნა. სასწავლო პროცესი გასცდა საკლასო გარემოს, გაკვეთილის დროით ჩარჩოებს (მოსწავლეებს სამუშაოდ მიეცათ დრო - 2 კვირა), თემატურ პარამეტრებს.
პროექტი ინტეგრირებული საგნების მასწავლებლებს თანამშრომლობის  საშუალებას აძლევს. მათთან მქონდა წინასწარი შეხვედრები, დისკუსია. ვთანამშრომლობდით მოსწავლეებთან. ვხვდებოდით ერთმანეთს ინდივიდუალურად, ჯგუფურად, სხვადასხვა საკითხზე ერთობლივად ვთანხმდებოდით. გვქონდა კონსულტაციები - რა სახით დავხმარებოდით მოსწავლეებს. ძიებისა და კვლევის დროს ვაძლევდით მიმართულებებს. ვუთითებდით საინფორმაციო წყაროებს. მოსწავლეები მუშაობდნენ ინტერესით, ხალისიანად. აფასებდნენ როგორც საკუთარ, ასევე, პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას. გრძნობდნენ წარმოქმნილ პრობლემებს და ერთობლივად ცდილობდნენ მის გადაჭრას. მსჯელობდნენ აქტუალურ საკითხებზე. თავად გეგმავდნენ და აწარმოებდნენ კვლევის პროცესს. ვატარებდი შუალედურ მონიტორინგებს, ვხვეწდით საკონფერენციო მასალებს.
ექსკურსია შთამბეჭდავი გამოდგა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დადიან-მიურატების სასახლე, რომელიც საბჭოთა ეპოქაში თითქმის მთლიანად განადგურებული იყო, ახლა აღდგენილი და განახლებულია. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ - მეუფე პეტრემ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა აღადგინა და სასახლესა და მამულს პირვანდელი ბრწყინვალება დაუბრუნა. სასახლეში ამჟამად მისი უწმინდესობის  -  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მე-2-ის რეზიდენციაა.
რაკი სასწავლო პროექტი ვახსენეთ, სასახლის გადაღების უფლება მოგვცეს. მოქმედია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სასახლის კარის ეკლესია. შთამბედავია ჭადრებისა და ბზის ხეივნებში ჩაფლული ვებერთელა მინდორი სასახლის წინ. აღდგენილია მიურატების არაჩვეულებრივი, ორსართულიანი მარანი. გაშენებული და სათუთად მოვლილი ოჯალეშის ზვრები. აქ ყველაფერს მზრუნველი ხელი ეტყობა. მოსწავლეები იღებენ ფოტო-ვიდეო მასალას. კონფერენცია სასახლის ეზოში ჩავატარეთ.
მოსწავლეებმა დაამონტაჟეს და გაახმოვანეს დადიან-მიურატების მამულში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
შედეგი
პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას:
·         კრიტიკული აზროვნება.
·         კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
·         საინფორმაციო წიგნიერება.
·         ისტ წიგნიერება.
·         სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები.  
მოსწავლეებმა შეძლეს:
ქართულში:
·         ნფორმაციის მოძიება, გაგება, ანალიზი, შეფასება, დახარისხება.
·         ზეპირი გამოსვლა კონფერენციაზე.
·         სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.
გეოგრაფიაში:
·         სამეგრელოს რეგიონის (სალხინოს) ძირითადი მახასიათებლების შესწავლა.
·         მხარის გეოგრაფიული თავისებურებების წარმოჩენა.
ისტორიაში:
·         ისტორიული ეპოქის აღქმა.
·         დამოუკიდებელი ისტორიული კვლევა.
ისტ-ში
·         ისტი-ის გამოყენება საგანთაშორისი კავშირის წარმოსაჩენად.
·         თვალსაჩინოების შექმნა (დოკუმენტური ფილმის გადაღება).
·         ციფრული პროდუქტების შემქმნელი საშუალებების ფლობა.
·         კომუნიკაციის ციფრული საშუალებების ფლობა.
·         კვლევის ციფრული საშუალებების ფლობა.
დასკვნა
სასწავლო პროექტზე მუშაობა აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. მუშაობის პროცესში, რეალური პრობლემების გადაჭრისას, შეძენილ ცოდნასა და უნარებს მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლებისას არიან უფრო მოტივირებულნი. აქვთ მეტი პასუხისმგებლობა. ეხალისებათ მუშაობა მაშინაც კი, თუ პროცესი ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს.
პროექტი ზრდის ჩვენს - მასწავლებლისა და მოსწავლის შესაძლებლობებს. საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვითანამშრომლოთ: ერთობლივად დავგეგმოთ, გადავჭრათ პრობლემები და წარმოვადგინოთ ერთი საერთო პროდუქტი. ჩავრთოთ სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულებები.
ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილი ორი დოკუმენტური ფილმი: წინაპართა ნაკვალევზე „ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ძეგლები ღაღადებენ“ და „ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამომავლები სალხინოში“ მრავალჯერადი მოხმარების რესურსია სასწავლო პროცესისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.      როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2012
2.      ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
საგნობრივი პროგრამის გზამკვლევი მასწავლებელთათვის

ეროვნული სასწავლო გეგმებისა დაშეფასების ცენტრი 2011

0 коммент.:

Отправить комментарий